მეუფე ანტიპოს ქადაგება წმ. მოციქულ და მახარობელ იოანე ღვთისმეტყველის ხსოვნაზე

უფალო იესუ ქრისტე ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ.

ძმანო და დანო! დღეს ეკლესია ზეიმობს ხსოვნას წმ. მოციქულ და მახარობელ იოანე ღვთისმტყველისა – სიყვარულის მოციქულისა. მან დაწერა სახარება, სამი კათოლიკე ეპისტოლე და წიგნი, წოდებული „გამოცხადებაჲ“ ანუ „აპოკალიპსისი“.

წმ. ბასილი დიდი ამ წიგნის, „გამოცხადებაჲ“-ს შესახებ თქვა ასე: „რამოდენი სიტყუაცა არს მასში, იმდენივე საიდუმლოცა არს!“

და საერთოდაც, ყველაფერს, რაც დაწერა იოანე ღვთისმეტყველმა, აქვს მაღალი საიდუმლო შინაარსი. მაგალითად, ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში ის წერს: „მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა… განვიხარე ფრიად, რამეთუ ვპოენ შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი მცნებაჲ მოვიღეთ მამისაგან“ (II ინ. 1, 1,4). რას ნიშნავს ეს სიტყვები? ის ხომ არ წერს ვინმე ერთ ადამიანს, ეპისტოლეს ჰქვია კათოლიკე. მოხუცებული არის თვითონ მოციქული. „მოხუცებული“ – ბერძნულად პრესვიტერი (მღვდელი). რჩეული დედოფალი – ესაა ეკლესია, რომელიც უფალმა აირჩია მსოფლიოს ყველა ხალხისგან, შვილნი მისნი – ქრისტეანენი, ვლენან ჭეშმარიტებაში, რაც ნიშნავს, რომ სწამთ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ცხოვრება მათი თანმხლებია სახარების სწავლებისა, მაგრამ ჩვენი ცხოვრება, ძმანო და დანო, თითქმის არასოდეს არ ეთანხმება სახარებას. ამაშია სწორედ საშინელი საიდუმლო, რომ როდესაც ჩვენ არ დავალთ ჭეშმარიტებაში, ჩვენ აღარ ვართ შვილნი ეკლესიისა, მაშინ ჩვენ სულიერად, მისტიურად უცხონი ვართ მისთვის, თუმცა ჩვენ ვლოცულობთ, ვიმყოფებით ტაძარში.

სხვა ადგილი შეიძლება გამოიყოს, სადაც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „მივსწერ თქუენდა, შვილნო, რამეთუ მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა მისითა. მივსწერ თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა. მივსწერ თქუენდა, ყრმანო, რამეთუ იცანთ მამაჲ“ (I ინ. 2, 12-13).

რას ნიშნავს ეს სიტყვები? აქ ამბობენ ქრისტეანთა სულიერი ასაკის სხვადასხვაგვარობაზე. შვილნი არიან ისინი, ვინც ეს-ესაა მიიღო ნათლობა, მათ მიიღეს პატიება ყველა საკუთარ და პირველმშობელთა ცოდვებისა. ყრმანი არიან ისინი, ვინც მხოლოდ ახლა შედგა ქრისტეანულ ცხოვრების გზაზე და ვლენან ღვთის მადლით. მათ შეიცნეს ღმერთი, როგორც მოწყალე მამა. ამიტომ, სულიერი გზა ჩვენი ყოველთვის სასიხარულო და ადვილია თავიდან. მაგრამ შემდეგ მოციქული წერს ჭაბუკთა შესახებ, რომელთაც სძლიეს ეშმაკს. ყრმობის პერიოდის შემდეგი სულიერი ასაკი, როდესაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიბოროტეს, ცოდვას და საკუთარ ვნებებს, როდესაც ჩვენ უნდა ვიაროთ გმირთა საქმეთა გზით. ხშირად ზოგიერთი განცვიფრებულია: „თავიდან მქონდა მადლი, მერე კი, თითქოს, დავკარგე ის“. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ის გადავიდა სხვა სულიერ ასაკში.

ყრმას არ ძალუძდა ბრძოლა, და მადლი ნათლად იცავდა მას, ვითარცა დედა თავის შვილსა, ხოლო ახლა დადგა სიჭაბუკე, და ადამიანმა უნდა გამოიჩინოს თავი ქრისტე მაცხოვარის მეომრად, მადლი მასთანაა, მაგრამ ერთგვარად დამალულია მისგან. აქვე მოციქული ამბობს მამათა შესახებ, რომელთაც შეიცნეს მყოფადი დასაწყისიდან. ეს იმ წარჩინებულ ქრისტეანთა შესახებ, სიწმინდის იმ ხარისხზე, როდესაც ქრისტეანი ხდება უკვე მოძღვარი და მამა. მან შეიცნო მყოფადის არსებობისაგან, ანუ ღვთიური მადლი განანათლებს გონებასა და გულს მისსას და უბოძებს მას ძღვენად სიბრძნეს, სიყვარულს, სულიერ შემეცნებას.

ძმანო და დანო! პირველი სამი სახარებისაგან განსხვავებით, იოანე ღვთისმეტყველის სახარება წოდებულია „სულიერ სახარებად, რომელიც ხაზს უსმევს, ეფუძნება ქრისტესმიერ სიყვარულს“. მასში მოციქულმა გახსნა დიადი საიდუმლო, რომ ღმერთი არს „სიყვარული“! ის თავად თავისივე სიცოცხლეში მოწმობდა ამას.

იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრებაში ნაამბობია, ქადაგების დროს როგორ მიაქცია მან ყურადღება ერთ ჭაბუკს, მშვენიერი პირისახისას და სულის, რომელიც არ შორდებოდა მას ვითარცა მისი ყველაზე ერთგული მოწაფე. საქადაგებლად სხვა ადგილას გამგზავრებისას, მოციქულმა გადასცა ეს ჭაბუკი ქალაქის ეპისკოპოსს, და როდესაც დაბრუნდა, ჰკითხა მას: „სადაა განძი, რომელიც მე გადმოგეცი შენ?“ ეპისკოპოსმა, ვერ გაიგო რა კითხვა, თქვა, რომ არანაირი განძი შესანახად მას არ მიუღია. იოანემ თქვა ჭაბუკის სახელი. ეპისკოპოსმა სინანულით თქვა: „ის მოკვდა სულით. ის გახდა ყაჩაღი!“

აღმოჩნდა, რომ ჭაბუკი გახდა ყაჩაღთა ატამანი და საშინელ შიშს ჰგვრიდა გარშემო მცხოვრებთ. მაშინ იოანე გაემგზავრა იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდნენ ყაჩაღები. მათ შეიპყრეს მოციქული, მიიყვანეს ის ყოფილ მოწაფესთან, რომელიც იდგა დანით ხელში. დაინახა რა მან თავისი მოძღვარი, დააგდო დანა. მაშინ გაიღვიძა სინდისმა, მან ვერ შეძლო მოხუცისთვის თვალებში შეეხედა და გაიქცა. იოანე დაედევნა მას სიტყვებით: „შვილო ჩემო, რატომ აწვალებ მამასა შენსას? შეჩერდი, მოინანიე, მე შევევედრები უფალს მიგიტევოს ცოდვანი შენნი“. ჭაბუკი დაეცა მოციქულს ფეხებში და მას შემდეგ გახდა ქრისტეანი მოღვაწე.

ძმანო და დანო! თუ ჩვენ არ გვეყვარება ერთმანეთი, ჩვენი მოღვაწეობა, ლოცვები, არ მიგვიყვანენ გადარჩენისაკენ, რასაც ამბობდა წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი. წმ. მამები ამტკიცებდნენ, გულის სიცოცხლე არის სიყვარული, სიკვდილი მისი – ბოროტება და მტრობა ძმისა. უფალი იმისათვის გვაჩერებს დედამიწაზე, რომ სიყვარულით ღვთისა და მოყვასისა სრულიად აღტკინდეს ჩვენი გულები, სწორედ ამას ელის ის ყველასაგან. ეს არის სამყაროს არსებობის მიზანი.

შეგვეწიოს უფალი ღმერთი და მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე განვმტკიცდეთ ქრისტესმიერ სიყვარულში ერთურთისადმი. ამენ!

მორჩილებით,

ეპისკოპოსი †ანტიპო† ივერიელი

21.05.2013 წ.