ქადაგება მოციქულ სვიმონ ზილოტზე (კანანელზე)

უფალო იესუ ქრისტე ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ.

ძმანო და დანო! დღევანდელი დღე, მოციქულ სვიმონ ზილოტის ხსენების დღე, განსაკუთრებით ჩვენთვის, ივერიის ძველმართლმადიდებელი ეკლესიისათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ეკლესია აშენებულია მოციქულ სიმონ ზილოტის საპატივცემლოდ.

თავისი მსახურების დასაწყისში იესუ ქრისტე მიწვეულ იქნა გალილეის კანაში, სადაც უკვე იმყოფებოდა მისი ყოვლადწმინდა დედა; ნეფე იყო სიმონ ზილოტი (რაც ნიშნავს – ქომაგს, თავგამოდებულ დამცველს, ამაგდარს), სხვაგავარად კიდევ სიმონ ზილოტს უწოდებენ – კანანელს. მაცხოვარი მივიდა კანაში თავის ახლად არჩეულ მოწაფეებთან ერთად, როდესაც საქორწილო ნადიმი უკვე დაწყებული იყო. რამოდენიმე ხნის შემდეგ შეიქმნა დაბნეულობა, მასპინძელს დაუმთავრდა ღვინის მარაგი, და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი პირველად ჩვენს თვალწინ გამოვიდა შუამდგომლად მათთვის, ვინც საჭიროებს მის დახმარებას. რა გასაჭირია მასში, რომ არ ეყოთ ღვინო სტუმრებისათვის, რომლებმაც ისედაც, როგორც ჩანს, საკმაოდ მოილხინეს?! მაგრამ ყოვლადწმინდა ქალწულის სიბრალულით აღსავსე გული სხვაგვარად გრძნობდა, და მან მიმართა შვილს მშვიდად სამი სიტყვით: „ღვინოჲ არა აქუს“. ის ჯერ არაფერს ითხოვს, არაფერს წყვიტავს წინასწარ; ის მხოლოდ მიუთითებს გაჭირვებას, გრძნობს რა, როგორც ჩანს, რომ გაჭირვებაზე მითითება მისი შვილისთვის – ნიშნავს უკვე ამ საჭიროების შევსებას. როგორ ხშირად მიუთითებს ის შემდგომში თავის ყოვლისშემძლე შვილს იმაზე, რომ ხალხს „არა აქუს “, უსიტყვო ვედრებით სთხოვს შეუვსოს მათ ეს ნაკლებობა.

ასე რომ, ღვთისმშობელმა უთხრა მსახურთ: „რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ!“. „იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი მდგომარენი, მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათაჲსა. რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი. და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნენს იგინი პირისპირ. და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართვით პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს. და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღვინო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა უფალმან მას სიძესა. და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღვინოჲ პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღვინოჲ კეთილი აქამომდე. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თვისი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა“ (ინ. 2, 3-11).

სვიმონ კანანელი – მოციქული ათორმეტთაგან. წმინდა წერილი არ გვიხსნის, რას აპირებდა იმ დროს სიძე. შეიძლება დავუშვათ, რომ მას უყვარდა თავისი საცოლე, ოცნებობდა გამხდარიყო დიდი ოჯახის მამა, ეზარდა შვილები, რომელთაც გამოუგზავნიდა მას ღმერთი. მრავალი ებრაელი იმედოვნებდა, რომ მათი შთამომავლები იცხოვრებენ მესიის მიწიერ ებრაულ სამეფოში. შესაძლოა, სიმონისთვისაც არ იყო ასეთი იმედები უცხო. მაგრამ აი – ცხადი სასწაული, წყლის ღვინოდ გადაქცევა. და აი, ის – ღვთის მიერ აღთქმული მესია – იესუ! მისი გაყოლა, მუდამ მის გვერდზე ყოფნა! მიძღვნა მისთვის სარწმუნოების ქომაგის მთელი შემართებისა, მთელი მისი ცხოვრებისა! სვიმონი შეევედრა თავის საცოლეს უარი ეთქვა ხორციელ თანაცხოვრებაზე, რათა სრულად მიცემოდა მესიის მსახურებას. სიმონის რჩეული აღმოჩნდა ღირსეული თავისი საქმროსი და სიხარულით დათანხმდა. ქრისტეს მოწაფეთა შორის გაჩნდა ახალი – სვიმონ კანანელი ან ზილოტი, მომავალი მოციქული ათორმეტთაგან. ღვთიმშობელს გაჰყვა სვიმონის ყოფილი საცოლე. წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ ის შემდგომ იყო ეკლესიის მიერ განდიდებულ მენელსაცხებლე დედათა შორის.

შემდგომში, მოციქული სვიმონ კანანელი ღირს შეიქმნა მიეტანა უფლის სიტყვა წარმართათვის. დიდი იყო შრომა მისი, დიადი იყო ნაყოფი მისი შრომისა. მოციქული სვიმონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას იუდეაში, ეგვიპტეში, ლიბიაში, კირინეაში, ბრიტანეთში. შემდეგ სვიმონ კანანელი მოციქულ ანდრია პირველწოდებულსა და მატთასთან ერთად ქადაგებდა ქრისტეანობას ივერიაში, კოლხეთის დაბლობში. სვიმონი მატათასთან ერთად დარჩა კოლხეთის დაბლობში, სადაც მათ გულმოდგინედ განაგრძეს თავიანთი მსახურება, ქადაგი ჭეშმარიტებისა.

მოციქული სვიმონ ზილოტი დაკრძალულია კოლხეთის დაბლობის კლდოვან მთებში, ამჟამად აფხაზეთში, ქ. სოხუმის მახლობლად არსებულ ქვაბულში, სადაც დღემდე  განისვენებს. სწორედ მანდ ბინადრობდა მამაცი მქადაგებელი თავის სიცოცხლეში. დათესა რა მრავალი კეთილი თესლი, სვიმონ კანანელმა მიიღო მოწამეობრივი აღსასრული. „სვიმონ კანანელის წყაროს“ ნაპირებზე მორწმუნე ადამიანები, მლოცველები დღემდე პოულობენ მოთეთრო კენჭებს სისხლის მსგავს ვარდისფერი წინწკლებით, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში შემოინახეს ქრისტეს სარწმუნოების ქომაგის უბრალოდ დაღვრილი სისხლის ხსოვნა.

ღვთიური ჭეშმარიტების თესლები ღვივდებოდნენ კოლხეთის დაბლობში, და მათ ვერ ახშობდნენ წარმართული ეკლები. სამი საუკუნის შემდეგ უკვე მთელს ივერიაში გავრცელდა ქრისტეს რწმენა, ღვთისმშობლის მოწოდებით მოციქულთასწორ ნინოს გამოისობით. ღვთივშემართებული მოღვაწემ წმ. ნინომ დაასრულა საქმე, დაწყებული მოციქულების ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათას მიერ, რომელმაც კენჭისყრით იუდას ადგილი დაიკავა. ეს მოხდა IV ს, მაგრამ კოლხეთის დაბლობში უკვე I ს-ში იყო დაარსებული ეპარქიები და მონასტრები, სადაც მსახურობდნენ ადგილობრივი ეპისკოპოსები მადლითა და ხელთდასხმით ზემოთაღნიშნულ მოციქულთა. დღესდღეობით კოლხეთის დაბლობში დაკრძალულია ორი მოციქული და დასვენებულია ღვთისმშობლის კვართი.

წმ. მამანი ამტკიცებენ: „ეკლესია – ნუგეში ჩვენი. დიდება უფალს, რომელიც გვაგრძნობინებს ეკლესიაში ყოფნის მარგებლობას“. ასევე წმ. იოანე ოქროპირი ხშირად ახსენებს, რომ შეიძლება ილოცო სახლში, მაგრამ ისე როგორც ეკლესიაში, სახლში ვერ ილოცებ; მაგრამ უმჯობესია ეპისკოპოსმა ააშენოს ოჯახის ეკლესია, ვიდრე ილოცოს ერეტიკოსებთან ერთად.

შეგვეწიოს უფალი ღმერთი და მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე განვამტკიცოთ ჩვენს სამშობლოში ძველი საეკლესიო ღვთისმოსაობა. ამენ!

მორჩილებით,

ეპისკოპოსი †ანტიპო† ივერიელი

23.05.2013 წ.